კახა კალაძე - ფადი ასლის სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები, ის არის უსამშობლო ადამიანი
კახა კალაძე - ფადი ასლის სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები, ის არის უსამშობლო ადამიანი

ფადი ასლის განცხადება არის მონური აზროვნება, ეს არის აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები, ეს არის უსამშობლო ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა  საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

კალაძის თქმით, ადამიანს, რომელსაც საკუთარი სამშობლო უყვარს, მსგავს განცხადებას არ გააკეთებს.

„ეს არის მონური აზროვნება, ეს არის აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, ქვეყანა, სადაც დავიბადეთ, სადაც გავიზარდეთ, სადაც ვისწავლეთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი თითოეული ქალაქი, კუთხე, სოფელი, რაიონი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა ვისაც სამშობლო უყვარს, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე? ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე მთავარი მამოძრავებელი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა კალაძემ.