ფადი ასლი - მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ, თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ
ფადი ასლი - მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ, თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ

საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც თბილისის მერმა „ფრესკოს” დამფუძნებლის ვიდეომიმართვის საპასუხოდ გააკეთა.

ფრესკოს დამფუძნებლის ბატონ ვასილ სოფრომაძის განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიწვია ნებისმიერი, ვინც შეძლებდა დაესახელებინა ერთი ბიზნესი მაინც, რომელიც 2012 წლიდან იყო სახელმწიფო წნეხის ქვეშ.

მე ნამდვილად მაქვს კალაძის მიმართ პირადი სიმპათია. ვფიქრობ, არის კარგი პროფესიონალი და საქმის ერთგული, რომელსაც სურს თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. არ ვადანაშაულებ მას ათობით, ასობითაც კი, არსებული მსგავსი კომპანიის არსებობის უცოდინრობაში, რომლებიც 2012 წლიდან სახელმწიფოს წნეხის ქვეშ იმყოფებიან”, – განაცხადა ფადი ასლიმ.

საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თბილისის მერის საპასუხოდ კომპანიები დაასახელა, რომლებიც დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე.

„ეს სწორედ იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალია, რომელთაც გვერდით ედგა საერთაშორისო სავაჭრო პალატა თავიანთი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსალაპარაკებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან. რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი და მე შემიძლია ამ სიას ათეულობით კომპანიები დავამატო, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და რომლებიც დღესაც იმყოფებიან წნეხის ქვეშ:

– ალგორითმი (Algorithm LTD);
– Iconia Capital;
– ჯინო პარადაისი (G-Paradise);
– ფილიპ მორისი (Philip Morris);
ბრითიშ ამერიკან ტობაკო (British American Tobacco);
– ამერიკან ჯორჯიან ალიოსი (American Georgian Alloys);
ტერაბანკი (Terabank);
– ყაზტრანსგაზი (KazTransGas);
ინტერ-რაო (InterRao);
– სითი პარკი (City Park);
– ბათუმის პორტი (Batumi Port);
– ოპტიკალ სისტემსი (Optical Systems Inc);
– Samih Habib Investments;
– Caucasus I Fund;
– Anka Food Switzerland;
– Giganti Security Ltd;
– ლოპოტა ვალი  (Lopota Valley Ltd);
– შატო მერე (Chateau Telavi Ltd);
– მესხური სახლი (Meskhuri Sakhli Ltd);
– Geoconstruction;
– Gegmet LTD.

მათივე თავმოყვარეობისა და რეპუტაციის სანდოობის გამო, მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ, თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ, თითქოს არ ზარალდებიან, არ ისჯებიან და არ კოტრდებიან მათივე ხელისუფლების მიერ.

მოვუწოდებ მათ, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ეს კრიმინალური ქმედებები „ფრესკოს” ჩათვლით ყველა ბიზნესის მიმართ”, – აღნიშნულია ფადი ასლის განცხადებაში.

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ფრესკოს” დამფუძნებლის მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან.