„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს - ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ
„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს - ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ

თქვენ მიიყვანეთ ქვეყანა აქამდე, ყველა თქვენგანმა, გინდ ოპოზიციამ და გინდ არაოპოზიციამ, ერთმანეთში კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით, – ამის შესახებ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „ფრესკოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ვასილ სოფრომაძემ მიმართვის დასაწყისში ბიზნესმენების მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ განცხადება წაიკითხა. მისი თქმით, არამხოლოდ „გირჩს“, არამედ ზოგადად პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ ისინი ცდებიან.

„მე არ ვარ არც ერთი ასოციაციის, ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასოდეს ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში, ან ყოფილთან, ან ახლანდელთან. მე, ვასილ სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული. მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი. და მერე რა? და მერე რა, რომ მე ერთი წელია, ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი. მან დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა წაგვიყენეს. მერე რა, რომ ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე? მერე რა, რომ პროკურატურაში საჩივარი შევიტანე? მერე რა, რომ ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე? მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ. რამე შეიცვალა? რამე მოხდა? რას გვეუბნებით ჩვენ? თქვენ მოგმართავთ, პოლიტიკოსებს. ჩვენი გადასახადებიდან, ჩვენი თანხებიდან დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას. დადიხართ ჩვენს ბანკებში და იღებთ მომსახურებას. ჩვენ გვეუბნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ქვეყანა აქამდე. თქვენ ბატონებო, ყველა თქვენგანმა, გინდ ოპოზიციამ და გინდ არაოპოზიციამ. ერთმანეთში კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

მისივე თქმით, თუ რაიმე დარღვევა არსებობს, უნდა მოხდეს გამოძიება, ბრალის დამტკიცება და შემდეგ დასჯა.

„რა გავაკეთოთ ჩვენ? მე, ვასილ სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? ამის გამო, რომ მე ამას ვამბობ, თქვენ გგონიათ, მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორ ფიქრობთ, ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველდღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს და ჩვენ, რომ ცხვრები ვართ, თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ?“, – აღნიშნავს ვასილ სოფრომაძე.

მისივე თქმით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში გამორჩეული ბინესმენები და ბიზნესები არ უნდა იყვნენ, თუმცა სოფრომაძის თქმით, მისი კონკურენტი კომპანია დღემდე არ იხდის დღგ-ს.

ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ“.

„თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების, ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. გინდათ, დაგიდოთ ეს ყველაფერი?“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

მისივე თქმით, არ სურდა ემოციური გამოსვლა, თუმცა, პოლიტიკოსები სხვა გზას არ უტოვებენ.

„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით, ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ვასილ სოფრომაძე.

დატოვე კომენტარი