ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე პუტინს, არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს ტყუილია, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი
ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე პუტინს, არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს ტყუილია, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი

რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება. ხაბეიშვილის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ იმიტომ სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ჯერ, მოდი, ერთი ვთქვათ, რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს არის ტყუილი. არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, ისედაც რუსული ხელისუფლებაა, რუსული მარიონეტული რეჟიმია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია, მავთულხლართებს მაინც აბამენ, ჩვენს მოქალაქეებს მაინც იტაცებენ. ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატო-ს, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ვის რა მოსაზრება აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.