ზვიად სხვიტარიძე „ოქროს სიის“ შესახებ ცვლილების გამო, პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს და პრემიერს რეგულაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ზვიად სხვიტარიძე „ოქროს სიის“ შესახებ ცვლილების გამო, პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს და პრემიერს რეგულაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს

„ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიის „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ კომპანიამ „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული ცვლილებების შესახებ გუშინ შეიტყო.

მისი შეფასებით, აღნიშნული ბიზნესთან ურთიერთობის არანაირ ფორმასა და ჩარჩოში არ თავსდება.

„ჩვენთვის, თამბაქოს ინდუსტრიისთვის ეს დიდი დარტყმაა. პირველი დარტყმა იყო დეკემბერში, მაშინაც მსგავსი რამ მოხდა და დეჟავუ გვაქვს, როდესაც ბიზნესთან განხილვის გარეშე პირდაპირ ხდება კონკრეტული რეგულაციის იმპლემენტაცია. ამ შემთხვევაში, უფრო რადიკალური და ფართომასშტაბიანია, რადგან ეხება 200-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

მისი თქმით, შეღავათის გაუქმების გამო, კომპანიას სესხის აღება მოუწევს, რაც მძიმე ტვირთი იქნება.

„ჯერ არ ვიცი საიდან მოვიპოვებთ, რამდენიმე ათეულ მილიონზე არის საუბარი, რომელიც უნდა ავიღოთ სესხად და შესაბამისად, ეს დააწვება კომპანიას, რაც გამოიწვევს თანამშრომლების დათხოვნას, ალბათ ბიზნესმოდელის გადახედვას. ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო და დავარწმუნეთ ლონდონის ოფისი, რომ ჰაბი, ცენტრალური ოფისი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანსა და მოლდოვაში სწორედ საქართველოში გვქონოდა. ეს განუჭვრეტადობის კასკადი, რაც დაწყებულია, არ ჩერდება და ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე გვაყენებს“, – აღნიშნა სხვიტარიძემ.

ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტზე გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმებამ იპორტირებული პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვიოს.

მისი განმარტებით, იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ისედაც ვერ ხერხდებოდა იმ 30 დღიან საშეღავათო ვადაში, რომელიც ე.წ. ოქროს სიაში შეყვანილი კომპანიებისთვის იყო დადგენილი.

ამასთან, სხვიტარიძეს მიუღებლად მიაჩნია არგუმენტები კომპანიების არათანაბარ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომპანიები, რომელზეც საუბარია (მცირე და საშუალო კომპანიები) იმპორტიორები არ არიან და მათი აბსოლუტური უმრავლესობა პროდიუქციას მსხვილი იპორტიორებისგან ყიდულობს.

„უარგუმენტო და აბსოლუტურად მიუღებელი არის ეს გადაწყვეტილება. მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, პირდაპირ ჩაერთოს, ჩაერიოს, შეაჩეროს ეს რეგულაცია. დავსხდეთ ერთად და განვიხილოთ, რა არის ამ რეგულაციის მიზანი“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.

დატოვე კომენტარი