„ბრითიშ ამერიკან ტობაკო" უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო" უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის

ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე უარყოფს „საერთაშორისო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.

ფადი ასლიმ დღეს გაავრცელა რამდენიმე კომპანიის ჩამონათვალი, რომლებიც, ასლის თქმით, „დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და იმყოფებიან წნეხის ქვეშ”. ამ ჩამონათვალში მოხვდა კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკოც“.

როგორც ამ განცხადების საპასუხოდ „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ პირველ არხს განუცხადა, საქართველოში ბიზნესგარემო არის ღია, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით.

„ფადი ასლის განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ იყო. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი კომპანია განიცდის და განიცდიდა შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ განვიცდით ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბიზნესგარემო არის ღია და საქართველოში რეგიონისგან განსხვავებული ვითარებაა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით. ზოგადად, ჩვენ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გავდივართ სახელმწიფოსთან. დიდ პატივს ვცემთ ფადი ასლს, რომელიც პრესასთან ახმოვანებს ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებს, თუმცა ეს განცხადება ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული”, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.