ბრიტანეთში იწყება ცდა, რომელშიც AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინების დოზების შერევას შეამოწმებენ — #1tvმეცნიერება
ბრიტანეთში იწყება ცდა, რომელშიც AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინების დოზების შერევას შეამოწმებენ — #1tvმეცნიერება

გაერთიანებულ სამეფოში მეცნიერები იწყებენ ცდას, რომლის ფარგლებშიც, ერთმანეთს შეურევენ COVID-19-ის ორ ვაქცინას იმის იმედით, რომ ამან შესაძლოა, კორონავირუსთან ბრძოლის კიდევ ერთი გზა მოგვცეს.

მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან არიან და მათ მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.

ისინი იმდოვნებენ, რომ ოქსფორდი/AstraZeneca-ს და Pfizer/BioNTech-ის შერეული დოზები თანაბარ ან უკეთეს დაცვას წარმოაჩენს, ვიდრე ორივე დოზაზე მხოლოდ რომელიმე მათგანის გამოყენება.

ორივე ვაქცინა ორი დოზის გაკეთებას მოითხოვს რამდენიმე კვირის შუალედით, რათა ორგანიზმს COVID-19-ისგან ხანგრძლივი თავდაცვა მიანიჭოს.

ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზის მიხედვით, ახალი კვლევა ერთმანეთს შეადარებს დოზების რვა სხვადასხვა კომბინაციას — პირველ დოზად ზოგს ერთს მათგანს გაუკეთებენ, ზოგს მეორეს და მოსინჯავენ დოზებს შორის დროის სხვადასხვა შუალედს.

მეცნიერებიც და მთავრობაც ამ სახის ცდის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. 2020 წლის ბოლოს, ბრიტანეთის მთავრობამ დაამტკიცა ვაქცინების შერევა ექსტრემალურ გარემოებებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციის მხარდამჭერი სამეცნიერო მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.

ექსპერტთა განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ ამ კვლევის შედეგები დიდად გამოსადეგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინების ჯგუფის პროფესორი და ცდის უფროსი მკვლევარი მეთიუ სნეიპი ამბობს, რომ ეს კვლევა სულ მცირე იმას მაინც გვეტყვის, როგორ გავზარდოთ ვაქცინის მიერ მონიჭებული თავდაცვა.

თუ აღმოჩნდა, რომ ვაქცინები ურთიერთშენაცვლებადია, გაცილებით მოქნილი გახდება ვაქცინაციის პროცესი.

მაგალითად, თუ ვინმეს მეორე დოზის სახით Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება სჭირდება, მაგრამ ის მარაგში აღარ არის, შესაძლებელი იქნება, მის ნაცვლად სხვა მწარმოებლის ვაქცინა მიიღოს.

გარდა ამისა, ასეთი სქემა მთავრობებს სწრაფად რეაგირების საშუალებას მისცემს იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე რომელიმე ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა. კვლევა ასევე დაადგენს, იწვევს თუ არა ასეთი კომბინაციები უფრო ნაკლებ გვერდით ეფექტებს.

მთავარი იმედი კი ის არის, რომ ვაქცინების კომბინაციამ შესაძლოა, ვირუსისგან უფრო დიდი თავდაცვით აღგვჭურვოს.

ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოების საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიცინის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, დოქტორი პიტერ ინგლიში ამბობს, რომ ვაქცინების კომბინაციამ სულ მცირე ისევე კარგად უნდა იმუშაოს, როგორც მხოლოდ ერთი ვაქცინის გამოყენებამ.

Science Media Centre-თან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ მრავალი ვაქცინა უკეთესად მუშაობს მაშინ, როდესაც მეორე, გამაძლიერებელი დოზის სახით სხვა ვაქცინას ვიყენებთ და ამის მაგალითად მოჰყავს B ჰეპატიტის ვაქცინები.

კვლევის მონაწილე მოხალისეების შეგროვება თებერვალში დაიწყება, ადრეული შედეგების მიღებას კი მაისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე იმედოვნებენ.

ამავე დროს, AstraZeneca კიდევ ერთი კომბინაციის ცდის დაწყებას აანონსებს, რომელშიც საკუთარ ვაქცინას რუსეთის „სპუტნიკ V-სთან“ ერთად გამოიყენებს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი