კვლევის მიხედვით, ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის გადადებას დრამატულად ამცირებს — #1tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის გადადებას დრამატულად ამცირებს — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას ვირუსის გადადების შენელების პოტენციალი აქვს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინას ვირუსის გადადების მაჩვენებლის შემცირება შეუძლია, თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მონაცემები პირველადია და დაცვის დონე ჯერ უცნობია.

გადადებაზე ვაქცინის გავლენის დასადგენად, მკვლევრები ცდაში მონაწილეებს კვირაში ერთხელ უღებდნენ ნაცხს და ვირუსზე ამოწმებდნენ. თუ მასში ვირუსი წარმოდგენილი არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი ინფიცირებულია, მისი გავრცელება უკვე შეუძლებელია. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ვაქცინირებულ ინფიცირებულთა ნაცხში ვირუსი 67 პროცენტით იყო შემცირებული.

პუბლიკაციაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, შეისწავლეს გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემები ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე კლინიკური ცდებიდან.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი შედეგებს „აბსოლუტურად სუპერს“ უწოდებს.

„ახლა უკვე ვიცით, რომ ოქსფორდის ვაქცინა გადადებასაც ამცირებს და ყველას დაგვეხმარება პანდემიის დამარცხებაში“, — განუცხადა ჰენკოკმა BBC-ს.

მისივე თქმით, შედეგები ყველას მისცემს იმის ნდობას, რომ ეს ვაქცინა არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას იცავს, არამედ გიცავთ იმისგანაც, რომ ვირუსი სხვებს არ გადასდოთ.

ზოგიერთი მკვლევარი ამბავს სიფრთხილით ეკიდება და აღნიშნავს, რომ ასეთი ფართო დასკვნის გამოტანამდე საჭიროა მონაცემთა უფრო მეტი ანალიზი.

„მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად სასიამოვნო ამბავია, ამის დასადასტურებლად საჭიროა უფრო მეტი მონაცემი, იქამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შემდეგაც გავაგრძელოთ სოციალური დისტანცირება“, — ამბობს ბრიტანეთის იმუნოლოგიური საზოგადოების ხელმძღვანელი, დოქტორი დუგ ბრაუნი.

ოქსფორდის და AstraZeneca-ს მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაქცინის ერთი დოზა COVID-19-ის პრევენციას 76 პროცენტით ეფექტიანად ახდენს. მონაცემები პირველი დოზის მიღებიდან სამი თვის განმავლობაშია შეგროვებული და არ მოიცავს პირველ სამკვირიან პერიოდს, რომელიც თავდაცვის ეფექტის წარმოსაქმნელად არის საჭირო.

შედეგები მხარს უჭერს ბევრი ქვეყნის სტრატეგიას, რომ პრიორიტეტად დაისახონ ვაქცინის რაც შეიძლება ბევრი პირველი დოზის გაკეთება, მიუხედავად იმ შიშებისა, რომ მეორე დოზა ხალხმა შეიძლება დაგეგმილზე გვიან მიიღოს.

ოქსფორდის და AstraZeneca-ს მკვლევართა დასკვნით, ვაქცინა უფრო ეფექტიანი მაშინ ჩანდა, როდესაც ორ დოზას შორის ინტერვალი თავდაპირველად განსაზღვრულ ოთხ კვირაზე მეტი იყო. კლინიკური ცდების იმ პაციენტებში, რომლებსაც სტანდარტული სიძლიერის დოზა სამთვიანი შუალედით გაუკეთეს, ვაქცინის ეფექტიანობა 82 პროცენტი იყო, იმ მონაწილეებში კი, რომლებსაც ორი დოზა ექვსკვირიანზე ნაკლები შუალედით გაუკეთეს, 55 პროცენტით ეფექტიანი.

როგორც მკვლევრები წერენ, ვაქცინაციის სტრატეგია დოზებს შორის სამთვიანი შუალედით, შეიძლება ძლიერ ოპტიმალური იყოს პანდემიური ვაქცინისთვის, როდესაც მწარმოებლები დროში შეზღუდულები არიან.

კვლევა ეფუძნება გასული წლის ბოლოს მიღებულ მონაცემებს, რომლებზე დაყრდნობითაც დადგინდა, რომ ორი სტანდარტული სიძლიერის დოზის მიღებისას, ვაქცინის ეფექტიანობა 62 პროცენტია. ამ პირველად კვლევებში, ვაქცინის ეფექტიანობა გაცილებით მაღალი, 90 პროცენტი იყო მაშინ, როდესაც პირველ ჯერზე ვაქცინის ნახევარ დოზას აძლევდნენ.

ოქსფორდის და AstraZeneca-ს მკვლევრებმა ეფექტიანობის დონეებს შორის ასეთი სხვაობა თავდაპირველად პირველი დოზის დაბალ სიძლიერეს დაუკავშირეს. თუმცა, თანდათან სულ სხვა დასკვნამდე მივიდნენ — ამ სხვაობის ყველაზე სავარაუდო ახსნა ვაქცინის დოზებს შორის დროის შუალედი იყო.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ახლა ელოდება მონაცემებს კლინიკური ცდებიან, რომელშიც 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების მონაცემები დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება და AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას FDA-სგან მარტის დასაწყისში მიიღებს.

აშშ-ს AstraZeneca-სთვის უკვე 300 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

მომზადებულია ox.ac.uk-ისა და The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი