ნორვეგიაში ხანდაზმულთა სიკვდილსა და ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირს ვერ პოულობენ — #1tvმეცნიერება
ნორვეგიაში ხანდაზმულთა სიკვდილსა და ვაქცინას შორის პირდაპირი კავშირს ვერ პოულობენ — #1tvმეცნიერება

ნორვეგიის ჯანდაცვის უწყებათა განცხადებით, არ არსებობს პირდაპირი კავშირი რამდენიმე დღის წინ COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი მოხუცების სიკვდილსა და იმ ვაქცინას შორის, რომელიც მათ გაუკეთეს.

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, იმუნიზაციიდან რამდენიმე დღეში ნორვეგიაში 75 წელს გადაცილებული 33 ადამიანი გარდაიცვალა, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო ცდილობს გაუმკლავდეს შიშებს იმის შესახებ, რომ ვაქცინის მიღება შეიძლება სარისკო იყოს; სააგენტოს განცხადებით, ყველა ხანდაზმული სეროზული ავადმყოფი იყო.

„ცხადია, პაციენტთა უმეტესობისთვის COVID-19 გაცილებით საშიშია, ვიდრე ვაქცინაცია. შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ“, — განუცხადა Bloomberg-ს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს სამედიცინო დირექტორმა სტაინარ მადსენმა.

ნორვეგიაში დაფიქსირებული შემთხვევის თავდაპირველი ანგარიში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა; ბევრი ეჭვობდა, რომ სახეზე იყო ვაქცინის პოტენციურ გვერდით ეფექტთა ადრეული ნიშნები. ნორვეგიაში იმ დროისთვის მხოლოდ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოიყენებოდა. კომპანიები ახლა სკანდინავიურ ქვეყანასთან ერთად მუშაობენ სიკვდილის შემთხვევათა კვლევაზე. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოების ანგარიში ევროპის მასშტაბით, იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.

„ყველა ამ პაციენტს სერიოზული თანმხლები დაავადება ჰქონდა. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი ვაქცინის გამო დაიღუპნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეიძლება უბრალოდ დამთხვევაა. ძნელია იმის დამტკიცება, რომ პირდაპირი მიზეზი ვაქცინა გახდა“, — ამბობს მადსენი.

ნორვეგიაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 48 000 ადამიანს გაუკეთეს; ფოკუსირება ვირუსის მხრიდან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებზე მოხდა, მათ შორის ძლიერ ხანდაზმულებზე. მადსენის განცხადებით, შესაძლებელია, რომ იმუნიზაციის გვერდითმა ეფექტებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტის თანმხლები დაავადება უფრო გაართულოს. მისივე თქმით, ნორვეგიაში მეტნაკლებად უკვე აცრილია მოხუცებულთა თავშესაფრების ყველა ბინადარი და ფატალურობის მაჩვენებლის პროპორცია არის ერთი 1000-ზე.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს სამედიცინო დირექტორი სტაინარ მადსენი იქვე აღნიშნავს, რომ სხვანაირ შედეგებს არც Moderna-ს ვაქცინისგან ელოდებიან, რომლით იმუნიზაციაც ნორვეგიაში პარასკევს დაიწყეს. Pfizer-BioNTech-ის მსგავსად, ისიც ინფორმაციული რნმ-ის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც უჯრედს ინფექციასთან ბრძოლას ასწავლის.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ „ძლიერ ხანდაზმულ და ყველაზე მძიმედ ავადმყოფ პაციენტებში მოსალოდნელია დროში დამთხვეული სიკვდილის შემთხვევები ვაქცინაციის პერიოდში, მათ შორის ვაქცინირებულებშიც“.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.