The Lancet-ში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია — #1tvმეცნიერება
The Lancet-ში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია — #1tvმეცნიერება

კლინიკური ცდების მესამე ფაზის შუალედური შედეგების ანალიზი მიუთითებს, რომ რუსეთის ვაქცინა „სპუტნიკ V“ სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.

წინასწარი შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა და ეფუძნება ცდაში მონაწილე 19 866 ადამიანზე შეგროვებულ მონაცემებს; მათმა დაახლოებით სამმა-მეოთხედმა (14 964 ადამიანი) ვაქცინის ორი დოზა მიიღო, მეოთხედმა კი (4 092 ადამიანი) პლაცებო.

ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ, ვაქცინირებულთა ჯგუფში 16 მონაწილეს სიმპტომური COVID-19 დაუდასტურდა, პლაცებოს ჯგუფში კი 62 ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 91,6 პროცენტია.

ცდაში მონაწილეობდა 60 წელს გადაცილებული 2 144 ადამიანი და როგორც ამ ჯგუფზე ჩატარებული ანალიზები მიუთითებს, ვაქცინა მათ კარგად მიიღეს და ეფექტიანობა ამ შემთხვევაში 91,8 პროცენტია.

ჯგუფმა ასევე შეისწავლა ვაქცინის ეფექტიანობა COVID-19-ის საშუალო და მწვავე შემთხვევების წინააღმდეგ; პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ, ვაქცინირებულ ჯგუფში მწვავე და საშუალო შემთხვევები არ დაფიქსირებულა, პლაცების ჯგუფში კი 20 ასეთი შემთხვევა გამოიკვეთა.

იშვიათი იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები — მსგავსი შემთხვევა ვაქცინირებულთა მხოლოდ 0,2 პროცენტში დაფიქსირდა. გვერდით ეფექტთა უმეტესობას წარმოადგენდა ტკივილი ინექციის ადგილას, გრიპის მსგავსი სიმპტომები და უენერგიობა.

აღსანიშნავია, რომ ანალიზები მოიცავდა COVID-19-ის მხოლოდ სიმპტომურ შემთხვევებს და როგორც ავტორები შენიშნავენ, უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, როგორია ვაქცინის ეფექტიანობა უსიმპტომო COVID-19-ის, გადადებისა და ხანგრძლივი დაცვის თვალსაზრისით.

ამას გარდა, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა თეთრკანიანი იყო და იმისათვის, რათა ეფექტიანობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებზეც დადგინდეს, საჭიროა შემდგომი კვლევები. კლინიკური ცდა გრძელდება და მკვლევართა მიზანია, რომ 40 000-მდე მონაწილე მოიცვას.

„სპუტნიკ V“ ორდოზიანი, ადენოვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინაა და თითოეულ დოზაში სხვადასხვა ადენოვირუსს იყენებს. დოზები 21-დღიანი შუალედით კეთდება. ამ ტიპის ვაქცინებში, ადენოვირუსი ისეა შეცვლილი, რომ ჩვენს სხეულში შეაქვს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის გენეტიკური მასალა, რომელიც ორგანიზმში იმუნური პასუხის წარმოქმნას იწვევს. ასეთივე მეთოდით არის დამზადებული AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებიც.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მეორე დოზაში სხვა ადენოვირუსის გამოყენებამ შეიძლება უფრო მძლავრი იმუნური პასუხის წარმოქმნა განაპირობოს.

ადენოვირუსული ვაქცინების უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვას და ტრანსპორტირებას.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი