ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ინტერნეტში მავნე კონტენტის რეგულირებას იწყებს
ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ინტერნეტში მავნე კონტენტის რეგულირებას იწყებს

ბრიტანეთის მთავრობამ ტელერადიოკომუნიკაციებისა და საფოსტო სამსახურების მარეგულირებელ ორგანოს (Ofcom) ონლაინ საფრთხეების რეგულირების უფლებამოსილება მიანიჭა და დამატებითი პასუხისმგებლობა დააკისრა ბავშვებისა და ადვილად მოწყვლადი ჯგუფების საფრთხის შემცველი ონლაინმასალისგან დასაცავად.

მომავალი წლიდან Ofcom-ი ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და ინტერნეტში საფრთხის შემცველი მასალის რეგულირებისთვის ახალ სარეგულაციო ჩარჩოს დაადგენს. ბრიტანეთის მთავრობა და პარლამენტი კი ზიანის შემცველი ინტერნეტ კონტენტის მოწესრიგებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებენ.

რატომ სჭირდება ონლაინკონტენტს რეგულირება?

ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, Ofcom-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა მესამედი ონლაინ ყოფნაში რისკებს გრძნობს, როგორც საკუთარ თავზე, ისე შვილებზე, რაც მიღებულ სარგებელს წონის. აღმოჩნდა, რომ ხუთიდან ოთხ ზრდასრულ ადამიანს ინტერნეტის მოხმარებისას გარკვეული დისკომფორტი გააჩნია, მათი უმრავლესობა კი არსებული წესების გამკაცრებას მოითხოვს.

რა კვალიფიკაცია გააჩნია Ofcom-ს საფრთხის შემცველი ონლაინ კონტენტის გასაკონტროლებლად?

გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვით, Ofcom-ს ზიანის შემცველი კონტენტის რეგულირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სატელევიზიო, ისე რადიოპროგრამების მიმართულებით. ის ბრიტანეთში ასევე არეგულირებს ბრიტანეთის ვიდეოგაზიარების პლატფორმების საქმიანობას.

გარდა ამისა, Ofcom-ი სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის კვლევების ინიციატორია, რომელიც ბაზრის ტრენდებსა და მომხმარებელთა ონლაინჩვევებს ეძღვნება. ამასთან, მარეგულირებელს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები ინდუსტრიის სხვადასხვა აქტორებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან, აკადემიური წრეების ექსპერტებთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და სხვა მარეგულირებლებთან.

ნიშნავს თუ არა ეს ინტერნეტცენზურას?

Ofcom-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საფრთხის შემცველი ონლაინკონტენტის რეგულირება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ინტერნეტცენზურას; გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტის სასიცოცხლო ძალაა და წარმოადგენს ბრიტანეთში დემოკრატიის, ღირებულებებისა და თანამედროვე საზოგადოების ცენტრალურ ნაწილს.

Ofcom-ი აღნიშნავს, რომ ზიანის შემცველი ინტერნეტკონტენტის რეგულირება არ არის ცენზურა, არც ინტერნეტის და არც სოციალური მედიის.

„ჩვენმთავარ როლს ვასრულებთ სატელევიზიო და რადიოგადაცემების სამაუწყებლო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვაში, ვიცავთ აუდიტორიას ზიანის შემცველი კონტენტისგან და ახლა უკვე ონლაინპლატფორმებზეც დავიცავთ და ვუზრუნველვყოფთ საზოგადოების უსაფრთხოებას. ახალი რეგულაციები საჭიროა იმისათვის, რათა ონლაინპლატფორმებმა იგივე სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ, რითაც მაუწყებლები ხელმძღვანელობენ“, — წერს Ofcom-ი.

შესაძლებელია ინტერნეტში არსებული დიდი მოცულობის ინფორმაციის სრული რეგულირება?

Ofcom-ის თქმით, მათი მთავარი მიზანია ონლაინპლატფორმებს ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები, რათა დაიცვან მომხმარებელი და თუ ისინი ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ზომები სწორედ ამ პლატფორმების წინააღმდეგ გატარდება. მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას განსაკუთრებული საფრთხის შემცველ მასალაზე გაამახვილებს, კერძოდ კი არალეგალურ ან/და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მქონე კონტენტზე.

ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ონლაინ კონტენტის მარეგულირებელ ჩარჩოს დაადგენს, დიდ ბრიტანეთში მთავრობა 2021 წელს მიიღებს, შემდეგ კი საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან კანონის ძალის მინიჭება.