კირ სტარმერი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მუშაობის უფლებისთვის სავალდებულო იქნება პირადობის ელექტრონული მოწმობის ფლობა
გაერთიანებულ სამეფოში მუშაობის უფლებისთვის სავალდებულო იქნება პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ის) ფლობა. შესაბამისი რეგულაცია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა.
ეს ინიციატივა არის მთავრობის გეგმის ნაწილი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით.
„ნება მიბოძეთ, განგიმარტოთ. თქვენ ვერ შეძლებთ გაერთიანებულ სამეფოში მუშაობას, თუ არ გაქვთ ციფრული ID. ყველაფერი ძალიან მარტივია“, – განაცხადა სტარმერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრობლემები არ მოგვარდება, თუ მათი ძირეული მიზეზები არ აღმოიფხვრება. სტარმერის თქმით, ციფრული ID ბარათის ფლობა სავალდებულო იქნება ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში დასაქმება სურს.
„ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ადამიანებისთვის ძალიან მარტივი იყო აქ ჩამოსვლა, ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩაბმა და არალეგალურად დარჩენა. რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვყოყმანობდით იმის თქმას, რაც აშკარად სიმართლეს შეესაბამებოდა.
საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მემარცხენე პოლიტიკა ეყრდნობა შრომის ბაზარს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს უცხოელ მუშახელს და ძირს უთხრის სამართლიან ხელფასებს. არამედ ასევე საქმე ეხება მარტივ ფაქტს, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონტროლი თავის საზღვრებზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ იმყოფება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ის სავალდებულო კონტრაქტი, რომელზეც ჩვენი პოლიტიკაა აგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძირს უთხრის ნდობას, ძირს უთხრის ხალხის რწმენას, რომ ჩვენ მათ მხარეს ვართ და მათ რწმენას, რომ სახელმწიფოს შეუძლია და იმუშავებს მათთვის“, – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ახალი რეგულაცია.