გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრი - „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ არის გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთი ქვეყნის დემოკრატიაზე ფარულ უცხოურ გავლენას არ შეეგუება
გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრი - „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ არის გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთი ქვეყნის დემოკრატიაზე ფარულ უცხოურ გავლენას არ შეეგუება

„უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ არის გზავნილი, რომ „დიდი ბრიტანეთი ქვეყნის დემოკრატიაზე ფარულ უცხოურ გავლენას არ შეეგუება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრმა, დენ ჯარვისმა განაცხადა.

მისივე თქმით, დენ ჯარვისმა მოუწოდა ყველას, ვინც უცხო სახელმწიფოების სახელით პოლიტიკურ გავლენას ახორციელებენ, თავიანთი კანონიერი ვალდებულება შეასრულონ.

ამასთან, ჯარვისმა რუსეთისა და ირანის გაძლიერებული ზომების ქვეშ მოქცევა მტრული სახელმწიფოების გამოვლენისა და მათი მოქმედების შეკავების სურვილით ახსნა.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ძალაში შევიდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, ამით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება გაძლიერდება და  გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებით კი ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული. განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომ დემოკრატიამ იმუშაოს არა მტრულად განწყობილი აქტორების, არამედ მშრომელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირველი ოქტომბრიდან, დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ. ირანისა და რუსეთისთვის არადეკლარირებულად მომუშავე პირებს კი, შესაძლოა, ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. ირანი და რუსეთი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან და შესაბამისად, ახლა გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არიან მოქცეული.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ აღიარებული დიპლომატიური საქმიანობის, იურიდიული წარმომადგენლობისა და აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

სარეგისტრაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობა სქემის პირველი დონის მიხედვით, ორ წლამდე პატიმრობას, მეორე, ანუ გაძლიერებულ დონეს მიკუთვნებულ ინდივიდებისთვის კი, ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, FIRS ორდონიანი სქემაა და უზრუნველყოფს დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოს გავლენის გამჭვირვალობას, დამაზიანებელი ფარული სახელმწიფო მოქმედების შეკავებას და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქმედების დროული აღკვეთის შესაძლებლობას. მთავრობაში „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის“ მთავარ საფუძვლად გამჭვირვალობას ასახელებენ და პირობას დებენ, რომ სქემის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ, მათ შორის წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის სრული სტატისტიკა დონეების მიხედვით.