ბრიტანელი კანონმდებლები - სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია რეალურ ახალ ამბებს ანაცვლებს
ბრიტანელი კანონმდებლები - სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია რეალურ ახალ ამბებს ანაცვლებს

როგორც დიდ ბრიტანეთში მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, ინტერნეტში დეზინფორმაცია იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ხშირად „ყალბი ახალი ამბები“ რეალურ სიახლეებს ანაცვლებს.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურის, სპორტისა და პრესის კომიტეტის თავმჯდომარე, დემიან კოლინზის თქმით, ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ ყალბი და რეალური სიახლეების ერთმანეთისგან გარჩევა.

კომიტეტის წევრთა მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. დოკუმენტის ავტორები სოციალური ქსელების უფრო მკაცრი რეგულირების მოთხოვნით გამოდიან.

მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველა წინასაარჩევნო რეკლამის ციფრულ იდენტიფიკაციას დანერგავს. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ტექსტს წინასწარ დარეგისტრირებული ავტორი ეყოლება, რომელიც პუბლიკაციაზე პასუხს აგებს.
ბრიტანელმა კანონმდებლებმა ანგარიში დეზინფორმაციის შესახებ Facebook-ისა და Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებული სკანდალის კვალდაკვალ მოამზადეს.

Cambridge Analitica ბრიტანული კომპანიაა, რომელსაც წინასაარჩევნოდ სოციალური ქსელების მომხმარებელთა პირადი მონაცემებით მანიპულირებაში სდებდნენ ბრალს.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმ საფრთხეზე, რომელსაც დემოკრატიას, რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის მცდელობა უქმნის. ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, “ყალბი ახალი ამბების” მნიშვნელობა და გავლენა გაითვალისწინონ და საარჩევნო კანონმდებლობა გაამკაცროს.