კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც რამდენიმე კვირის წინ თავად გახდა.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი ბინძური „ფეიკ ნიუსების“ მიმართ შესაბამისი რეაქცია აქვს.

„პარალელი მინდა გავავლო, როგორ ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები. ეს ყველაფერი როგორ დაგიბრუნდათ ვნახეთ – ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული სტატუსებს დებდით, ვის მოუვიდა აზრად, რომ კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დარწმუნებულია, ოპოზიციამ და ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს პრემიერის მხრიდან ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ პროპაგანდა, თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა. გქონდათ მცდელობა, შეცდომაში შეგეყვანათ საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ფრენაზე. დღეს უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა. მიუხედავად ყველაფრისა, რომ იცოდით, დღეს უკვე პროპაგანდის ახალი ფურცელი დაიწყეთ. შეიძლება, ჩემი მხრიდან უხერხული იყოს დეტალებში შესვლა. იცით, თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება, ყოველი წლის გარკვეულ თვეებში წარმოვადგინოთ დეკლარაციები და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი იქნება გაწერილი, მითითებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.