შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა
შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა

წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, პრორუსულობა დაებრალებინა მმართველი პარტიისთვის. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

„დავიწყოთ დეზინფორმაციით, რომელიც სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, პრორუსულობა დაებრალებინა მმართველი პარტიისთვის. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდაპოლიტიკურ პროპაგანდაში, იღვრებოდა ოპოზიციის კუთვნილი ტელევიზიებიდან, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა, არამცთუ ფაქტებით, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა, რატომ ესხმის თავს ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას? საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც არ იცავს არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა, ამგვარი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა ერთადერთი გზაა, რათა თავი გადაირჩინოს ძალით არათანაზომადად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ისტორიულ ჭიდილში და მიაღწიოს სანუკვარ მიზნებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ევროპულ ოჯახში თავის დამკვიდრებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.