ბოლო ორ წელში ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები აქციას მართავენ
ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები, რომლებიც გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
შეკრებილთა შორისაა 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.
„ვითხოვთ ობიექტურ, დროულ გამოძიებას. ჩვენ არ ვიცით, ვინაა დამნაშავე. არ გვინდა ვინმე დაუმსახურებლად დაისაჯოს. ყველამ საკუთარ ქმედებაზე უნდა აგოს პასუხი. უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელდეს გამოძიებები“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ია ლომთათიძე.
დაღუპულების ოჯახის წევრებს საერთო მოთხოვნები აქვთ.
„პირველი მოთხოვნაა კომისიის შექმნა, რათა შეისწავლონ ყველა გარდაცვლილის საქმე. კომისიაში ჩართონ ჩვენი წარმომადგენლები. ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად პაციენტის ახლობლის ჩართულობით. კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით. კომისიის დაკომპლექტებისთვის განისაზღვროს ვადა 30 აპრილამდე.
მეორე – პირადად საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე.
მესამე მოთხოვნა რეგულირების სააგენტოს ნდობის საკითხის დაყენებაა. უნდა მოხდეს კომისიის წევრების საქმიანობის შესწავლა.
მეოთხე – კლინიკებში აუდიტის შესვლა, კლინიკის აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლა.
მეხუთე მოთხოვნა – საგამოძიებო ორგანოებს დაევალოს ამ საქმეების უპირატესად გამოძიება.
დაველოდებით მოვლენების განვითარებას და დროს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. არა მარტო აჭარა, მთელი საქართველო გავერთიანდებით“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს საია-ს აჭარის ფილიალი. ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობლების ინტერესს სწორედ საია იცავს.