ბორნეოს ორანგუტანი პლანეტის უდიდესი არსებაა, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს ხეებზე ატარებს. სახეობა გაქრობის პირასაა. ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, 1999-2015 წლებში, ამ დიდი მაიმუნების პოპულაცია განახევრდა.
ორანგუტანთა ბუნაგების კვლევისა და საცხოვრებელი ზონების ცვლილების სტატისტიკური ანალიზის შეჯერების შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ბოლო 16 წელში გამქრალია 100 000-ზე მეტი ცხოველი.
დრამატული კლებაა იმ ცხოველებისა, რომლებიც ძალიან გვგავს როგორც უნიკალური გენომით, ისე ფიზიკური მახასიათებლებით და მიეკუთვნებიან ადამიანთა უახლოეს ნათესავებს.
ორანგუტანთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისინი გონიერები და მორცხვები არიან, შესაბამისად, გაუვალ ტყეებში ცხოვრებას ამჯობინებენ.
„შეიძლება ხეებს ისე ჩაუაროთ, რომ ვერასოდეს შენიშნოთ იქ დამალული 1,2-მეტრიანი ორანგუტანი“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი მარია ვუაგი.
ასეთ პირობებში, ნარინჯისფერი ბანჯგვლიანი არსებების დათვლა ძალიან რთული ამოცანაა.
ამიტომ, მკვლევრები ორანგუტანთა ბუნაგებს ითვლიან. დასაძინებლად, ეს ცხოველები გრძელ ტოტებს ისე ღუნავენ, რომ აკეთებენ ფოთლებიანი კალათების მსგავს საცხოვრებელს. ეს ბუნაგები იმდენად დიდია, რომ მათ შესამჩნევად ვერტმფრენებს იყენებენ.
1999 წლიდან, ბუნაგების საძებნელად მკვლევრებმა კუნძულ ბორნეოს 800 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია შეისწავლეს.
ერთი ბუნაგი მხოლოდ ერთ მაიმუნს როდი ეკუთვნის. ზოგიერთი ორანგუტანი, განსაკუთრებით დედები და ნაშიერები, ძირითადად ერთ ბუდეში ცხოვრობენ. გარდა ამისა, მკვლევრებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მიტოვებული ბუნაგებიც. თუმცა, მიუხედავად სირთულისა, პოპულაციის ამ გზით დათვლა მაინც შესაძლებელია.
კვლევის დაწყებისას, მეცნიერებმა ყოველ გავლილ კილომეტრზე 22 ბუნაგი იპოვეს, მაგრამ 2015 წელს, იმავე მანძილზე მხოლოდ 10 ბუდეს პოულობდნენ.
მარია ვუაგმა და მისმა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა ეკოლოგების, ბიომრავალფეროვნების ექსპერტებისა და ეკოლოგებისგან, მაიმუნების პოპულაციის აღსარიცხად მათემატიკური მოდელი შეიმუშავა.
ორანგუტანთა ბუნაგების ოდენობის შემცირების კვალდაკვალ, მათ შენიშნეს ადამიანთა დასახლებების სიმჭიდროვის ზრდა, გაუტყიურება (დეფორესტაცია) და ორანგუტანებზე ნადირობის გახშირება.
მკვლევართა საუკეთესო შეფასებით, 1999 წელს კუნძულზე 148 500-ით მეტი ორანგუტანი სახლობდა, ვიდრე 2015 წელს. ასეთმა დრამატულმა შემცირებამ ზოგიერთი ექსპერტი შოკში ჩააგდო.
„ასე არ შეიძლება, ეს არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობთ, ამ სახეობის ძალიან ცოტა წარმომადგენელიღაა ცოცხალი“, — ამბობს ვუაგი.
მისი თქმით, მიღებული შედეგები კარგად ემთხვევა სხვა დიდ მაიმუნთა პოპულაციის შემცირების მაჩვენებლებსაც. ბოლო 20 წელიწადში, 80%-ით შემცირდა აღმოსავლეთის დაბლობის გორილას (გრაუერის გორილა) პოპულაცია. გარდა ამისა, 25 წელიწადში 80%-ით შემცირდა დასავლური შიმპანზეს პოპულაციაც.
მარია ვუაგის თქმით, დღეისათვის დარჩენილია 17 000-100 000 ერთეული ბორნეოს ორანგუტანი. მათი შეფასებით, საცხოვრებელი ზონების განადგურების გამო, 2050 წლისთვის ამ სახეობის ოდენობა კიდევ 45 300-ით შემცირდება.
ბორნეოს ხე-ტყეზე, პალმის ზეთსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ზრდამ კუნძულის ტყეები გაანადგურა. ზოგიერთ ზონებში, ორანგუტანთა საცხოვრებლები პლანტაციებმა ჩაანაცვლა.
თუმცა, როგორც ვუაგი აღნიშნავს, ეს პლანტაციები შეიძლება ერთგვარი ტრამპლინი გახდეს, რომელთა გამოყენებით, ორანგუტანები დანაწევრებულ ტყეებს შორის დაიწყებენ გადაადგილებას.
ახალი კვლევის მიხედვით, ისეთ ადგილებში, სადაც ღირებული ხეები შერჩევით იჩეხება, მაგრამ ტყის დანარჩენი ნაწილი ხელუხლებელი რჩება, ორანგუტანები კვლავ დაბრუნდებიან.
„თუკი ხილის ხეები ხელუხლებელი დარჩება, არეულობა მინიმალური იქნება“, — ამბობს ვუაგი.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად გართულდა და სათანადოდ ვერ შეფასდა ადამიანთა მიერ ხორცისთვის ან სხვა მიზნებისთვის მონადირებულ ორანგუტანთა ოდენობა.
„ადამიანები ორანგუტანებზე მათთან თანაარსებობის დროიდან ნადირობენ, მაგრამ ახლა თანასწორობა დაირღვა, თუ ადრე ისინი თანაბარი პარტნიორები იყვნენ, ახლა ადამიანს თოფი აქვს“, — ამბობს ვუაგი.
როგორც იგი აღნიშნავს, ორანგუტანი ბორნეოელი მონადირეების უკანასკნელი სამიზნეა, რადგან ძირითადად, ისინი ირმებსა და ღორებს ანიჭებენ უპირატესობას.
ორანგუტანთა სიახლოვეს მცხოვრები ხალხის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ მაიმუნთა ხოცვის მაჩვენებელი თითოეულ სოფელზე ძალიან დაბალია – ძირითადად, ერთი ორანგუტანი ერთ სოფელზე რამდენიმე წლის განმავლობაში.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ტყეებში ჩაკარგულ მრავალ სოფელს, ხოცვის მაჩვენებელი იზრდება. წელიწადში 100 ორანგუტანის მოკვლამაც კი, შეიძლება მთლიანი სახეობის შემცირება გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორანგუტანები ნელა მრავლდებიან. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აჩენენ ერთ ნაშიერს ყოველ ექვს წელიწადში.
„მიუხედავად ყველაფრისა, ამ სახეობისათვის იმედი მაინც არსებობს. ადამიანებმა უნდა ისწავლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება ორანგუტანებთან. შედარებით სტაბილური პოპულაციები გვყავს ეროვნულ პარკებში, სადაც კარგად ჩანს, რომ მათ ადამიანებთან თანაარსებობა შეუძლიათ“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი მარია ვუაგი.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით