ბნელი მატერიის ვრცელ ოკეანეში, აღმოჩენილია ორი გიგანტური პირვანდელი გალაქტიკა
19:53, 08.12.2017
შორეულ სამყაროში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ გალაქტიკათა წარმოქმნის ამჟამინდელ წამყვან თეორიას.
სამყაროს ადრეულ სტადიაში, პირველი გალაქტიკები ციცქნა, „ჯუჯა გალაქტიკები“ იყო, რომლებიც ჯგუფდებოდნენ და წარმოქმნიდნენ იმ უფრო დიდ გალაქტიკებს, რომელთაც დღეს ვხედავთ. იერარქიული ფორმაციის სახელით ცნობილი თეორია გვთავაზობს, რომ გალაქტიკები წარმოიქმნენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე პროცესების შედეგად, რომელშიც პატარა გალაქტიკები ერთად იყრიან თავს თავიანთი საერთო გრავიტაციული მიზიდვის წყალობით.
მაგრამ ამჯერად, აღმოჩენილია არანორმალურად უზარმაზარი ორი შორეული გალაქტიკა, რომლებიც ასტრონომებს ამ თეორიაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, რადგან როგორც ჩანს, ჯუჯა გალაქტიკები უფრო დიდ გალაქტიკებად იმაზე გაცილებით სწრაფად შეჯგუფდნენ, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.
ჩილეში, ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულ ტელესკოპთან (ALMA) მუშაობისას, ასტრონომები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გაარკვიეს, რომ ეს გალაქტიკები არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამყარო სულ რაღაც 780 მლნ წლის იყო, ანუ ამჟამინდელი ასაკის (13,8 მლრდ წელი) 5%-ის.
იმის გამო, რომ ამ გალაქტიკათა შუქს დედამიწამდე მოსაღწევად 13 მილიარდი წელი დასჭირდა, ასტრონომები მათ ისეთს აკვირდებიან, როგორებიც წარსულში, 13 მილიარდი წლის წინ იყვნენ.
„ALMA-ს ამ ბრწყინვალე დაკვირვებათა წყალობით, ასტრონომები უყურებენ სამყაროს პირველი მილიარდი წლის ყველაზე მასიურ გალაქტიკას ზრდის პროცესში“, — ამბობს განცხადებაში ტუკსონის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის ასოცირებული პროფესორი და კვლევის ავტორი დენ მარონე.
უძველესი სამყაროს დროის ამ პერიოდში, რომელიც რეიონიზაციის სახელითაა ცნობილი, კოსმოსი გაჟღენთილი იყო წყალბადის ცივი გაზის გაუმჭვირვალე ნისლით.
როდესაც პირველი ვარსკვლავები დაიბადნენ, მათი სინათლის ენერგიამ წყალბადის გაზის იონიზაცია დაიწყო და დაშალა ელექტრონებისა და პროტონების გამჭვირვალე „სოუსად“.
„როგორც წესი, ხშირდ ვხედავთ, რომ ამ პერიოდში პატარა გალაქტიკები გამალებით მუშაობენ, რათა ნეიტრალურ გალაქტიკათშორის სივრცეში გაიქცნენ. ALMA-ს დაკვირვებათა შედეგად, ასტრონომებმა ეს ისტორია სრულიად შეცვალეს და აგრძელებენ იმ დროის დაკვირვებას, როცა სამყაროში ნამდვილად ძალიან დიდი გალაქტიკები პირველად გამოჩნდნენ“, — ამბობს მარონე.
სამყაროს უძველესი დროის ამავე პერიოდში, ბნელი მატერია — მატერიის იდუმალებით მოცული, უხილავი ფორმა, რომელიც სამყაროს მასის დაახლოებით მეოთხედს მოიცავს — ასევე იწყებს შეჯგუფებას.
როდესაც გრავიტაცია ერთად აგროვებდა ხილული და ბნელი მატერიის შეჯგუფებებს, გალაქტიკები ბნელი მატერიის „ჰალოებში“ იბადებოდნენ.
ამ გზაზე, ბნელი მატერია ერთგვარი საშენის როლს თამაშობდა ახალგაზრდა გალაქტიკებისთვის ფორმირების პროცესში, რადგან უზრუნველყოფდა მასის ერთად თავმოყრისთვის საჭირო გრავიტაციას.
ამ შემთხვევაში, ასტრონომებმა იხილეს, რომ ორივე გიგანტური გალქტიკა ბინადრობს ბნელი მატერიის ერთ, გაცილებით დიდ ჰალოს შიგნით. მკვლევართა თქმით, ეს გახლავთ ბნელი მატერიის ჰალოს ერთ-ერთი უმსხვილესი მაგალითი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
როგორც ჩანს, ეს ორი გალქტიკა ერთმანეთს ერწყმის და ერთ მშვენიერ დღესაც, წარმოქმნიან „უდიდეს გალაქტიკას, რომელიც კოსმოსის ისტორიის იმ პერიოდში გვინახავს“, — აღნიშნავენ ALMA-ს წარმომადგენლები განცხადებაში.
„ეს აღმოჩენა უზრუნველგვყოფს ახალი დეტალებით დიდი გალაქტიკების წარმოქმნის შესახებ, ასევე გვაწვდის ცნობებს ბნელი მატერიის როლის შესახებ სამყაროს ყველაზე მასიური სტრუქტურების შეჯგუფების პროცესში“.
ამ ორ გალაქტიკას ერთობლივად SPT0311-58-ს უწოდებენ და პირველად ისინი ანტარქტიდაზე განთავსებულმა სამხრეთ პულუსის ტელესკოპმა შენიშნა. თავდაპირველად, ასტრონომებს ეგონათ, რომ SPT0311-58 ერთი გალაქტიკა იყო, მაგრამ როგორც ALMA-ს მიერ ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, სინამდვილეში ის გალაქტიკის წყვილი აღმოჩნდა.
„სამხრეთ პოლუსის ტელესკოპით კიდევ ბევრი გალაქტიკაა აღმოჩენილი, მათ შესწავლას ახლა ვიწყებთ. იმედი გვაქვს, ამის კიდევ ბევრ ასეთ ობიექტს ვიპოვით, იქნებ უფრო შორეულებსაც, რათა უკეთესად გავერკვეთ ამ უკიდურესად მტვრიან გალაქტიკათა პოპულაციაში, განსაკუთრებით კი იმ ეპოქის გალაქტიკათა პოპულაციასთან მათ ურთერთქმედებაში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ილინოისის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი ჟოაკინ ვიეირა.