ბიძინა კულუმბეგოვი - ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია, მისი განვითარების შემთხვევაში კი, სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება
ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია, მისი განვითარების შემთხვევაში კი სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინამ მინიმალური რეაქცია გამოიწვია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე სტეროიდის მიღება, რის შემდეგაც პრობლემა გვარდება.
„საფრთხე არ არსებობს, რადგან ფილერთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ ჯვარედინი პასუხი იმუნიტეტის, მინიმალურ შემთხვევებში გრიპის ვაქცინაზეც ფიქსირდება მთელს მსოფლიოში, უბრალოდ ამას არ აქცევდნენ ადამიანები ყურადღებას. ეს რადგანაც მაინც უცხო სხეულია, შესაძლებელია იმუნოლოგიური რეაქცია იყოს, თუმცა ეს უკიდურესად იშვიათია და ამის განვითარების შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება. ის არ გადადის ვთქვათ კვინკეს შეშუპებაში და რთულ ფორმებში. რამდენიმე დღით ინიშნება სტეროიდები, მაგალითად დექსამეტაზონი, რომელსაც ყველა იცნობს და გვარდება ეს პრობლემა ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. ამ ყველაფერს სწორედ CDC-ზე დაყრდნობით ვლაპარაკობ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს.
„პრევენციული ღონისძიებაა ის, რომ როცა ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. ერთი კითხვა დაემატა „ფაიზერის“ ჩეკლისტს, 12 თუ 11 კითხვაა, თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შემდეგ ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება, აქ იყოს მომატებული რისკი, მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან. ბოლოს დაემატა „სიდისის“ გაიდლაინში და „ფაიზერის“ კითხვარში ჩვენთანაც დაემატა ერთი კითხვა. „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. დამატებით ამას შეეკითხებიან, რადგან ვისაც ფილერები ხშირად აქვს გამოყენებული, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.