„ბიბისი“ - სამხრეთ აფრიკაში ექსპრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე, არეულობის შედეგად, 72 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში ექსპრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე 72 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ათი ადამიანი სოვეტოს სავაჭრო ცენტრში შეჭრის დროს, ჭყლეტის შედეგად დაიღუპა.
არსებული ვითარების ფონზე, ხელისუფლებამ ქუჩებში სამხედროები გაიყვანა. სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 1 234 ადამიანი, მათ შორის 12 მასობრივი არეულობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
სამხრეთ აფრიკაში არეულობა ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 15-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საკონსტიტუციო სასამართლომ ზუმა დამნაშავედ ცნო მოსამართლის ბრძანების დარღვევაში. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში მისვლას ითხოვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.