ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სასამართლოს დატოვების შემდეგ სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს და ტელეფონი, კომპიუტერი ჩამოართვეს
ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სასამართლოს დატოვების შემდეგ სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს და ტელეფონი, კომპიუტერი ჩამოართვეს

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო წერედიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ის სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

ავტომობილი, რომელშიც ბესო წერედიანი იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა აღმაშენებლის ხეივანზე გააჩერეს. წერედიანის განცხადებით, მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, რის გამოც ჩხრეკის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მას ტელეფონი და კომპიუტერი ჩამოართვეს. პროტესტის ნიშნად, ბესო წერედიანმა ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა.

ამასთან, აქტივისტი დავით მახარაძე, რომელიც ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ისიც გაჩხრიკეს და ტელეფონი ჩამოართვეს.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ბესო წერედიანმა და დავით მახარაძემ ტერიტორია დატოვეს. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომელშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი.