უსაფრთხოების სამსახური - სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა, ბაჩა მგელაძემ განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

„აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყონებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა, მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი“, – აღინიშნა ბრიფინგზე.

ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლის ჩაწერაც, სუს-ის წარმომადგენლის, ბაჩა მგელაძის თქმით, განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

„ჩანაწერი განხორციელებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში და მისი ჩაწერა განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ეს არის ჩანაწერის გარკვეული ნაწილი. ჩანაწერი არის ორსაათიანი, რომელშიც სხვადასხვა პირი ფიგურირებს. ჩანაწერი თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. ამ საკითხების განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.