ბექა წიქარიშვილი - მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა დაარღვიოს დუმილი და გააკეთოს საჯარო განცხადება
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით პარლამენტთან აქცია 15:00 საათზე განახლდება. როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმა.
„მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა დაარღვიოს დუმილი და გააკეთოს საჯარო განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისა, რჩება ლეგიტიმური. რადგან ჩვენ ვერ ვხვდებით, გვყავს თუ არა საერთოდ პრემიერ-მინისტრი.
ასევე, დარწმუნებული ვარ შს მინისტრის გარეშე ეს ბრძანება არ გაიცემოდა. სპეცრაზმის შეყვანა და ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევა მის პასუხისმგებლობაზეა. თუ ამას პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს, საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად. მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებაც ლეგიტიმურია. რეფორმა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ პროტესტების მთავარ მიზანს, რომ შევცვალოთ პოლიციური სისტემა“,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილის თქმით, სპეცოპერაციის მთავარი მიზანი იყო, პოლიციას საზოგადოებისთვის თავის ძალა ეჩვენებინა.
„მინდა ჩვენი პროტესტის შინაარსზე გავაკეთო განცხადება, ვინაიდან გაჩნდა კითხვები რას ვითხოვთ. პირველ რიგში, ჩვენ პრობლემას ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოში და პოლიციურ მმართველობაში, რომელიც ამ ქვეყანაში წლებია დგას უმთავრესი პრობლემაა.
12 მაისის ღამის დარბევაც იყო მხოლოდ პოლიციური სახელმწიფოს გამოვლინება, საზოგადოების დაშინების მცდელობა გარკვეული ჯგუფების მიმართ, ძალის დემონსტრირება, რომელმაც მასიურად გამოიწვია ადამიანების უფლებების შელახვა დაკავებებით, დარბევით, ცემით და ჩვენ ვნახეთ.
რეალურად მიზეზი არ ყოფილა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, ეს იყო ყურით მოთრეული მიზეზი. ერთადერთი მიზეზი იქ შესვლის იყო, მოეხდინათ ხალხის დაშინება, ძალის დემონსტრირება და თავდასხმა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე“,- განაცხადა წიქარიშვილმა.