ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების პროცესი იმართება
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების პროცესი იმართება

გორის რაიონულ სასამართლოში პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

უკვე დაიკითხა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ლევან სართანია, რომლის თქმითაც, გზა იყო გადაკეტილი. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, დარჩენილი იყო თუ არა გასასვლელი ტრაილერით გზის გადაკეტვის შემდეგ და დაინახავდა თუ არა მას გარდაცვლილი. მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა იქ ვერ გაივლიდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შეჯახებამდე მუხრუჭის ხმა გაიგო.

დღესვე სასამართლო ბრალდების მხარის სამ მოწმეს მოუსმენს.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.