გორის სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა
გორის სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

თურქეთის მოქალაქე ჰასან დოგანს პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალი დღეს წარედგინა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში პირის, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17-წლამდე გულისხმობს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი გუშინ ღამით, საკუთარ სახლში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა. ის მოკლულის ოჯახში მდგმური იყო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.