დაღუპული ბექა ხახუბიას ავტომანქანიდან გამოყვანის კადრების ჩვენებას სასამართლოზე დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა
დაღუპული ბექა ხახუბიას ავტომანქანიდან გამოყვანის კადრების ჩვენებას სასამართლოზე დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა

ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას ავტომანქანიდან გამოყვანის კადრების ჩვენებას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა.

ადვოკატის განცხადებით, მათი მხრიდან ამ მტკიცებულების უდაოდ ცნობის მიუხედავად, პროკურატურას ამ კადრების ჩვენებით ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურდა.

„ვერ მივხვდი რის მიღწევას ცდილობს პროკურატურა. ამ ყველაფრით ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებაზე. მტკიცებულება, რომელიც დღეს იყო გამოკვლეული, საუბარია ვიდეოფირზე, აქედან რამდენიმე დეტალი უტყუარად იქნა დადასტურებული. ხახუბიას მაღალი დონის დაუმორჩილებლობა პატრულის მიმართ, რომელიც გრძელდება დაახლოებით 90 კილომეტრის მანძილზე. გაირკვა ასევე, რომ მცირე შეჯახებით ჩაუვლის ერთ-ერთ მგზავრს. ეს ცხადყოფს, რომ ხახუბია საფრთხეს უქმნის სხვა პირთა, ასევე პოლიციელთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.

უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ხახუბიას მანქანა ეჯახება ჯერ ევაკუატორს და შემდეგ ტრაილერის“,- განაცხადა ადვოკატმა.

ნოდარ ცინცაძის ინფორმაციით, გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზით არ დასტურდება, რომელი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ხახუბია.

„შეიძლება ის მაშინვე გარდაიცვალა და ეს ფაქტი ვეღარ გაირკვევა უკვე. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს უკვე ის გარემოება, საერთოდ იდგა თუ არა იქ ტრაილერი. ვინ არის შეჯახებაში გამტყუნებული ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ბრალდების მხარის მიერაა წარმოდგენილი, ხახუბია გამტყუნებულია ევაკუატორის შეჯახებაში”,-აცხადებს ადვოკატი.

დაცვის მხარის პროტესტი მიუღებელია პროკურორისთვის.

„დადასტურდა კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ ხახუბიამ უსაფრთხოდ გაიარა ბევრი მონაკვეთი და ბექა ხახუბიას არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე. ჩვენ გამოვიკვლიოთ მძიმე მომენტი, როცა ხახუბია გადმოასვენეს ავტომანქანიდან. დაცვის მხარე წინააღმდეგი იყო სასამართლოს ენახა თუ რა შედეგი დადგა იმ უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც პატრულმა მიიღო. არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეს არ ემსახურებოდა”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთი ბორტის ჩანაწერი და სამხრე კამერების ჩანაწერები წარადგინა.