გორში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა
გორში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა

გორის რაიონულ სასამართლოში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დანაშაულის ადგილი დაინახეს.

დღესვე პირველად მივიდნენ სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ოჯახის წევრებიც. ისინი განსასჯელისთვის ბრალის დამძიმებას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთას ითხოვენ.

გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის ოჯახი ახალგაზრდის ცემის ბრალდებით დაკავებულის უმკაცრესად დასჯას, ასევე, ცემაში მონაწილე სხვა პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„მოვითხოვ ბრალის დამძიმებას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მხოლოდ ერთი ადამიანი ჩემს შვილს ამდენ დაზიანებას ვერ მიაყენებდა. ბავშვს თავის ქალის ნახევარი აღარ ჰქონდა. სხვა დამნაშავეები იმალებიან და ერთ კაცს ააღებინეს თავის თავზე. რაც უნდა მოხდეს, სამართალს მაინც ვიპოვით“, –  განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ინციდენტი, რომელსაც 18 წლის ერეკლე თედიაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მოგვიანებით კი გარდაცვალება მოყვა, გორში 8 ივნისს რესტორან „ჟოზეფთან“ მოხდა. ამ საქმეზე განსასჯელის სკამზე ერთი პირი – თარაშ კანდელაკი ზის.