ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე პატრულ-ინსპექტორები დაკითხეს
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე პატრულ-ინსპექტორები დაკითხეს

ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

საპატრულო ეკიპაჟის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერისა და სამხრე კამერის ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაკითხეს.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა საპატრულო პოლიციის ის ორი თანამშრომელი, რომლებიც ხახუბიას მანქანის დევნას ახორციელებდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი სურამელმა და გიორგი ელიაშვილმა უპასუხეს კითხვებს იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც მათი თქმით, ხახუბიას კუთვნილი ავტომანქანა ქმნიდა. პატრულ-ინსპექტორებმა ​განმარტეს, რა ღონისძიება გაატარეს მათ მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანის შესაჩერებლად.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს – ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილსა და ზურაბ რუსიშვილს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ბრალი სსსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს დაიღუპა.