ბექა ფერაძე - პირველადი დათვალიერებით, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ობიექტზე, სადაც ორი მუშა დაიღუპა, ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
ბექა ფერაძე - პირველადი დათვალიერებით, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ობიექტზე, სადაც ორი მუშა დაიღუპა, ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

პირველადი დათვალიერებით, ზოგადად ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან განუცხადა, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ბექა ფერაძის თქმით, ადგილზე სამუშაოები დილიდან განახლდება და შესწავლილი იქნება დოკუმენტაცია, მათ შორის, ჰქონდა თუ არა დამსაქმებელ კომპანიას მუშებთან ხელშეკრულება გაფორმებული. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, დეტალებზე საუბარს მოკვლევის დასრულების შემდეგ შეძლებს.

„ზოგადად ობიექტზე ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები. კონკრეტულად, სრულფასოვნად უნდა ხდებოდეს საფრთხეების შეფასება და რისკის იდენტიფიცირება. ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ და ამის შემდგომ ვისაუბრებთ კონკრეტულად. აქ საუბარია პირველადი დათვალიერებით ზოგადად ობიექტზე. კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვახორციელებთ შრომის ინსპექციის მიმართულებით მოკვლევას. სისხლის სამართლის მიმართულებით არის საქმე აღძრული, როგორც იცით. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი დასკვნა იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა 31 მარტს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.