ბექა ფერაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, კლუბების მუშაობა აღდგება
ბექა ფერაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, კლუბების მუშაობა აღდგება

უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა. მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, კლუბების გახსნა საკოორდიანციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება.

„შრომის ინსპექცია აქტიურადაა პანდემიის მართვის პროცესში ჩართული და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავებთ უსაფრთხოების პროტოკოლს, როგორ უნდა მოხდეს სექტორის მდგრადი აღდგენა. ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ „მწვანე პასპორტებთან“ ერთად დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნას დაწესებული კონკრეტულად ამ სექტორის მიმართ, ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრევენციას, რომ ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი. შეთანხმება არის მიღწეული, საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ შესაბამის გადაწყვეტილებას და უახლოეს პერიოდში საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდება ამ სექტორის მდგრადი აღდგენა“, – განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება „მწვანე პასპორტებს“, ბექა ფერაძის თქმით, კვების ობიექტებზე მონიტორინგი გრძელდება.

„პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. შრომის ინსპექციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტი შეამოწმა სხვადასხვა უწყებებთან ერთად. ძირითადად ბიზნესი მზად შეხვდა ამ პროტოკოლს, არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებით შემოიფარგლებოდა წინა კვირაში, ვასწავლიდით და ვაძლევდით რეკომენდაციებს, როგორ უნდა დაინერგოს სწორად ეს პროცესი და მონიტორინგს განვაგრძობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ფერაძემ.