ბექა ფერაძე - ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს, უახლესი ინფორმაცია მალე გვექნება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწავლობს.
როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ობიექტზე ზოგადი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა.
„რაც შეეხება უშუალოდ უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში უახლესი ინფორმაცია გვექნება. როგორც გეოლოგები გვეუბნებიან, აქ არ გვქონდა გეოლოგიურ პროცესებთან საქმე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ რამდენად სწორად მიმდინარეობდა დახურულ სივრცეში სამუშაოები, მიწისქვეშა სამუშაოების დროს რამდენად იყო შესაბამისი წესით გამაგრება, რამდენად იყო საჭირო პროცედურები გატარებული იქ დასაქმებული ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამშენებლო ობიექტზე ზოგადი დარღვევები იყო.
„ზოგადად, ობიექტზე დარღვევები იყო, კუსტარული მანქანა-დანადგარები, იყო ღიობები. მხედველობაში მაქვს ზოგადი პერიმეტრი და არა კონკრეტულად უბედური შემთხვევის ლოკაცია. დეტალებზე საუბარს მოგვიანებით შევძლებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.