ბექა ბასილაია - გიგი უგულავა არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი
დღევანდელი გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა მართლმსაჯულების სისტემის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ გაფორმების პროცესს, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილიამ შსს-ს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, საიდანაც უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
„ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების, თადუმაძის, გაბინაშვილის, შავლიაშვლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლა უკვე რეალურად აღსრულდა. გიგი გადაჰყავთ მატროსოვის ციხეზე, უბრალოდ, ხაზი მინდა, ერთ რამეს გავუსვა – საზოგადოებამ ნახა, როგორ ღირსეულად მიიღო ეს სრულიად უღირსი და ყოველგვარი მორალისგან დაცლილი გადაწყვეტილება. თვითონ მოვიდა შსს-ში. ამას წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც გიგის სიტყვის თქმის საშუალებაც არ მიეცა, როდესაც გიგის ადვოკატს პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება არ მომეცა და სადღაც სოროში შეკეტილებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უზენაესი სასამართლოს მიერ წელიწადნახევრის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზუსტად ანალოგიური ბრალდების საქმეზე, თბილსერვისის ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც ითქვა, რომ 333-ე მუხლია ვალიდური და არა 182-ე. დღევანდელი გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა მართლმსაჯულების სისტემის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ გაფორმების პროცესს.
არათუ უდიპლომო, ყალბდიპლომიანი შალვა თადუმაძე იხილავს საქმეს და იღებს ესეთ მძიმე განაჩენს ისეთ ვითარებაში, როდესაც ამავე საქმეზე გენერალური პროკურორის, ქვეყნის მთავარი პროკურორის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2018 წელს, როდესაც ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა და 2019 წელს, როდესაც ამ საქმეს წარმართვა მოხდა საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ მიიღო ეს უაღრესად სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით დადგენილი ექვსთვიანი ვადა ამოწურული იყო ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბრისთვის“,- განაცხადა ბასიალიამ.
ადვოკატის თქმით, გიგი უგულავა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია.
„ფაქტია, რომ გიგი უგულავა არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ გამოვიდა საქართველოს სახელით და ეს მთელი ქვეყნის სირცხვილია, რეალურად არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი დოკუმენტი.
პროცედურა არის ბიუროკრატიული, რუტინული, რომელსაც გიგი უკვე მესამედ გადის. ბიძინა ივანიშვილს რაღაც ჯიბრი სჭირს გიგი უგულავასი. თქვენ გახსოვთ, როდესაც გიგი გათავისუფლდა საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი დღის თავზე ის უკან შეაბრუნა იმ მოსამართლემ, რომელიც დღეს იხილავს გვარამია-დამენია-იაშვილის საქმეს. დღეს უზენაესმა სასამართლომ და სოროში შეკეტილებმა მიუსაჯეს გიგის ცხრა წელი. გიგი ამ მოსამართლეებზე ბევრად თავისუფალი არის და იქნება მატროსოვის ციხეზე, ვიდრე ეს ადამიანები თავიანთ სოროებში, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, ბიძინა ივანიშვილის ლაქიობით“,- განაცხადა უგულავას ადვოკატმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. უგულავა ციხეში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც ის უწყების დაბარების შემდეგ თავად გამოცხადდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.