ბელგიის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსპტრადირებაზე განხილვები შეწყვიტა
ბელგიის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსპტრადირებაზე განხილვები შეწყვიტა

ბელგიის სასამართლომ დღეს ოფიციალურად შეწყვიტა კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუიჩდემონისა და მისი ოთხი თანამებრძოლის ექსტრადიციაზე დაწყებული განხილვები.

როგორც ბრიუსელიდან „პირველი არხის“ კორესპონდენტი იუწყება, დღეს გამომძიებელ-მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა და განემარტა ბელგიური მხარის პოზიცია ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე.

ბელგიის სასამართლოში კარლეს პუიჩდემონი ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა.

პუიჩდემონს ოფიციალურად განუცხადეს, რომ ბელგიაში სამართლებრივი პროცესი დასრულდა.

დღეიდან კარლეს პუიჩდემონსა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნათ.

მათ თავისუფლად შეუძლიათ ბელგიაში გადაადგილება და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაც.

კარლეს პუიჩდემონის ადვოკატის თქმით, არჩევნებამდე ყოფილი პრეზიდენტი ბელგიაში დარჩება და საკუთარ გეგმებს მედიას მომავალი კვირის ბოლოს გააცნობს.

საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, კარლეს პუიჩდემონი მზად არის, კატალონიაში დაბრუნდეს.

საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს არის დაგეგმილი. წინასაარჩევნო კამპანიას კარლეს პუიჩდემონი ბელგიიდან მართავს.

ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.

კატალონიიდან ბრიუსელში პუიჩდემონი 30 ოქტომბერს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობა გააუქმა და პარლამენტი დაითხოვა.

გასულ კვირას, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონზე და ყოფილ მინისტრებზე გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა.