„ევრაქტივი“ - ბელგიის სასამართლოში 17 მაისს „ფაიზერგეითის“ საქმეზე მოსმენა გაიმართება, რომლის ფიგურანტი ურსულა ფონ დერ ლაიენია
„ევრაქტივი“ - ბელგიის სასამართლოში 17 მაისს „ფაიზერგეითის“ საქმეზე მოსმენა გაიმართება, რომლის ფიგურანტი ურსულა ფონ დერ ლაიენია

ბელგიის სასამართლო 17 მაისს მოსმენას გამართავს, სადაც გადაწყვეტს, გააგრძელებენ თუ არა ბელგიის ან ევროკავშირის პროკურორები ე.წ. Pfizergate-ის (ფაიზერგეითის) საქმის გამოძიებას, რომლის ფიგურანტი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევრაქტივი“ ავრცელებს.

როგორც „ევრაქტივი“ წერს, 2021 წლის აპრილში გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია „ფაიზერგეითის“ სკანდალის შესახებ. მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს „ფაზიერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა. აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

2023 წლის აპრილში ბელგიელმა ლობისტმა, ფრედერიკ ბალდანმა ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ლიეჟის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო დოკუმენტების განადგურებასა და უკანონო გამდიდრებასა და კორუფციაში დასდო ბრალი. მოგვიანებით მის სარჩელს შეუერთდა ათამდე სხვა ორგანიზაცია, ფიზიკური პირი, პოლონეთი და უნგრეთი.

საქმე წარმოებაში მიიღო ევროკავშირის პროკურატურამ, რომელმაც სასამართლო მოსმენის დროს საბრალდებო დასკვნა უნდა წარადგინოს. ევროკავშირის პროკურატურა პასუხისმგებელია ისეთ საქმეებზე, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტის, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენებას ეხება, ასევე ტრანსნაციონალური ხასიათის საქმეებზე.

თუმცა, როგორც „ევრაქტივი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბელგიის გამოძიება არ ეთანხმება საქმის ევროკავშირის პროკურატურისთვის გადაცემას. ამგვარად, ბელგიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კანონიერია თუ არა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა და უნდა გაგრძელდეს თუ არა ბელგიის გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაწყებული გამოძიება.