BBG Watch - სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინონ ჟურნალისტებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს
BBG Watch - სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინონ ჟურნალისტებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს

„მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე განთავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელების მიერ“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ წერილს ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს.

წერილში ნათქვამია, რომ რადიო „თავისუფლების“ მთავარმა მენეჯმენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტი, დოქტორი დავით კაკაბაძე, რომელიც 30 იანვრამდე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი იყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დავით კაკაბაძის განთავისუფლებას მხარი დაუჭირა რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ მმართველი აშშ-ის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ასევე მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლანსინგმა, რომელიც დანიშნული იყო ობამას ადმინისტრაციის დროს.

„როგორც ჩანს, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას კონფლიქტი აქვს ორგანიზაციის ბევრ ჟურნალისტ ქალთან. ორმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელთაც მიღებული აქვთ ჯილდოები და რომლებმაც ბოლო დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური, „ფეისბუქზე” კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს”, -ნათქვამია სტატიაში.

ამას გარდა, BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული მედია რადიო „თავისუფლების“ გარშემო აგორებულ სკანდალს აქტიურად აშუქებს.

როგორც BBG Watch-ი აღნიშნავს, დავით კაკაბაძეს თანადგომა გამოუცხადა რადიო „თავისუფლების“ არაერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვამ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა რეპორტიორმა შაჰიდა ტულაგანოვამ.

„დავით კაკაბაძის გათავისუფლებამ ასევე რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო„ თავისუფლების“ ყოფილი წამყვანი ჟურნალისტი ქალების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც უკანასკნელ დროს დატოვეს ორგანიზაცია და გამოხატეს ღრმა იმედგაცრუება უმაღლესი მმართველი გუნდისა და მისი მმართველობის მკაცრი სტილის მიმართ“, -ნათქვამია წერილში.

BBG Watch-ის ცნობით, ხელმძღვანელობამ დავით კაკაბაძეს შესთავაზა სხვა პოზიცია, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დავით კაკაბაძის გათავისუფლებამდე და მარინა ვაშაყმაძის გადადგომამდე, ასზე მეტმა ქართველმა აკადემიკოსმა, მწერალმა, მსახიობმა და სხვა ცნობილმა პირმა წერილი გაუგზავნა ჯონ ლანსინგს, რომელშიც გამოთქმულია ქართული სამსახურის მიმართ მხარდაჭერა, აგრეთვე გამოთქმულია წინააღმდეგობა მიკერძოებულ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით მენეჯემენტზე ზეწოლის გამო.

წერილის ბოლოს მოყვანილია ქალი ჟურნალისტების განცხადებების ციტატები, რომლებშიც ისინი აკრიტიკებენ რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას და თანადგომას უცხადებენ ქართულ სამსახურს.

„BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში“, -ნათქვამია BBG Watch-ის წერილში.

ორგანიზაცია BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, 23 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს.

​ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში რადიო „თავისუფლების“ (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ პირველ არხს განუცხადა, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.

მოგვიანებით, რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა.