BBC - აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა ტრამპისა და პოროშენკოს პირველი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის უკრაინისგან სულ მცირე 400 ათასი დოლარი მიიღო
BBC - აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა ტრამპისა და პოროშენკოს პირველი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის უკრაინისგან სულ მცირე 400 ათასი დოლარი მიიღო

დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დონალდ ტრამპისა და პეტრო პოროშენკოს პირველი მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის უკრაინისგან სულ მცირე 400 ათასი დოლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბრიტანული ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, გადახდა პეტრო პოროშენკოს სახელით მოქმედი შუამავლისგან განხორციელდა.

ამავე დროს, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კოენი არ ყოფილა ოფიციალურად დარეგისტრირებული უკრაინის ლობისტად, როგორც ამას აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გასული წლის ივნისში თეთრ სახლში შედგა. როგორც BBC აღნიშნავს, ვაშინგტონიდან პოროშენკოს დაბრუნების შემდეგ მალევე, უკრაინაში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტთან დაკავშირებული გამოძიება შეწყდა.

BBC უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა მხარემ მაიკლ კოენი საქმეში მას შემდეგ ჩართო, რაც აშშ-ში რეგისტრირებულმა ლობისტებმა და უკრაინის საელჩომ დონალდ ტრამპთან მხოლოდ მოკლე ფოტოგადაღების ორგანიზება შეძლეს. პეტრო პოროშენკოს კი სურდა შეხვედრა მაღალი დონის მოლაპარაკებებად წარმოეჩინა.

ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა ტრამპმა თანხის გადახდის შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანული მედიასაშუალების სხვა წყარო კიევში ამტკიცებს, რომ უკრაინულმა მხარემ კოენს არა 400 ათასი, არამედ 600 ათასი დოლარი გადაუხადა. BBC-თან დონალდ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

პუბლიკაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს.

„ღია ტყუილი, ცილისწამება და სიყალბე. სწორედ ასე ვაფასებთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება ფულით განხორციელდა”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრა დიპლომატიური არხებით დაიგეგმა.

„მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ღია დეზინფორმაცია არის ყალბი კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობების დისკრედიტაცია, ასევე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებზე პერსონალური თავდასხმა”, განაცხადეს პოროშენკოს ადმინისტრაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია BBC -სგან ინფორმაციის უარყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილს აპირებს.