ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების აქცია დასრულდა
კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან დასრულდა. თურქეთის კონსული აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა ლავასოღლის ადვოკატის განცხადებით, მიიღეს დაპირება, რომ საკონსულო მათ ოფიციალურ პასუხს მალე გასცემს.
„ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ოფიციალურ პასუხს, რატომ იმყოფება ლავასოღლი საპატიმროში ბრალის წარდგენის გარეშე და ფაქტობრივად უკანონოდ, მალე გაგვცემენ. გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათთვისაც აქტუალურია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატის თქმით, ექსტრადირების საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, რადგან საქართველომ ერთხელ მოითხოვა ექსტრადაცია, ეს ვერ მოხერხდა, ხელმეორედ კი იგივე ქვეყანას ქართული მხარე ვეღარ მიმართავს.
ლავასოღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ გაურბიან საქართველოში პასუხისმგებლობას. მთავარია, პატიმარი თურქეთის ციხიდან გათავისუფლდეს, რადგან იქ მძიმე პირობებში და გაურკვეველი მიზეზით იმყოფება.
„არ გავურბივართ არაფერს. თურქეთში არის უკანონო პატიმარი, აქ არის წითელი ცირკულარით ძებნილი, ჩამოვა და აქ მოიხდის სასჯელს“, – განაცხადა დაკავებულის დამ, ირინა ლავასოღლიმ.
ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით, ახლობლებმა აქცია დღეს, დილის 08:00 საათიდან დაიწყეს.