ბათუმში ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 60-მდე ოჯახმა ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა
ბათუმში ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 60-მდე ოჯახმა ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა

ბათუმში ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 60-მდე ოჯახმა ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა. აქციის გამო, გარკვეული დროით მიმდინარე სამუშაოები შეფერხდა.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელება 60-მდე ოჯახს საფრთხეს უქმნის. მათი მტკიცებით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ სახლების კედლები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაოების დაწყებამდე მათ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას დაჰპირდნენ, თუმცა დაპირება არ შეუსრულეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის წევრებს პრობლემების შესასწავლად ერთკვირიანი ვადა მისცეს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვას და მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.

მოსახლეობის ბრალდებებს არ იზიარებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე სიტუაციას სპეციალისტები აკონტროლებენ და ამ ეტაპზე საცხოვრებლებზე ბზარები არ დაფიქსირებულა.