ბათუმში გაფიცული მიკროავტობუსების მძღოლები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
ბათუმში გაფიცული მიკროავტობუსების მძღოლები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქციამ მერიის შენობიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. ამჯერად აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბათუმის მერიაში მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების წარმომადგენლების შეხვედრა ქალაქის ვიცე-მერთან კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის განცხადებით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მივლინებაში იმყოფება და ორი დღის შემდეგ შეხვდება მძღოლებს, მანამდე კი შესთავაზა მძღოლებმა მუშაობა განაახლონ.

გაფიცული მძღოლები ითხოვენ გარანტიებს, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება. მათ ასევე მოითხოვეს, საკრებულომ შეაჩეროს ახალი რეგულაციების საკითხის განხილვა, რომლითაც მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის, მოძრაობისა და გადასახადების წესი უნდა დამტკიცდეს.

მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში აქცია დღეს დილიდან დაიწყეს.