ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ირაკლი ფანგანი დააკავეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავეს.
როგორც სამართალდამცველებმა ფანგანს დაკავებისას განუმარტეს, ის გუშინ ევროპის მოედანზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. ირაკლი ფანგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავეს.
ფანგანის დაკავების პროცესს ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი.
„მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას, ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორედ ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში, როცა კრიმინალია ქვეყანაში, ძარცვა და ესებუას ფაქტია და პოლიცია იმაზე არ ზრუნავს. ეს იყო პოლიტიკური აქტი. არავინ გაექცეოდა პასუხიმგებლობას. დამალვა არავის სჭირდებოდა, მივიდოდა გამოკითხვაზე. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმსჯელოთ, რამ გამოიწვია“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.