გიორგი ბარამიძე - ვფიქრობ, სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს ბოდიში აქვთ მოსახდელი
გიორგი ბარამიძე - ვფიქრობ, სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს ბოდიში აქვთ მოსახდელი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, მათი პარტიის წევრებმა – სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო ბოდიში უნდა მოიხადონ. ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

„ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა („ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის აზრით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ პარტია უნდა დატოვონ). ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ამ ხალხს და თავს დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს. მათ მხრებზე ვდგავართ პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი გვეწოდება და არ გვაქვს უფლება, ქვემოთ ვიფურთხოთ. პირიქით, უნდა ჩავიდეთ თუ მათთან ლაპარაკი გვინდა და დიდი პატივისცემით და თავის დახრით უნდა ვუთხრათ შენიშვნა. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც მათ მიმართ აუგს იტყვის და ამ შეცდომას დაუშვებს, ბოდიში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის განცხადებით, დაუშვებელია პარტიის ლიდერებმა მათ მხარდამჭერებს ბრბო უწოდონ.

„პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხანდახან გვიწოდებენ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენს მომხრეებზე და გულანთებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ისინი რაღაც ისეთს არ გააკეთებენ, რასაც ჩვენ არ მოვუწონებთ და თუ ჩვენ გავკადნიერდებით და შენიშვნას მივცემთ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პატივისცემით, მათდამი სიყვარულით და მადლიერებით, იმიტომ, რომ ფიზიკურ ბრძოლაში ეს ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს აკეთებენ. დღისით და ღამით ყინვაში არიან და მაგალითად, ბათუმში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მავნებელ პუტინისტურ რეჟიმს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ჩვენ დიდი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ და ამდაგვარი ეპითეტით შევამკოთ და ვთქვათ, რომ სამარცხვინოა“, – განაცხადა ბარამიძემ.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. ფანგანი 25 იანვარს ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.

ინციდენტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, „სამწუხაროა, განსჯის საკითხი გახდა ისეთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანს თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო“. სალომე სამადაშვილმა ის პირებიც გააკრიტიკა, რომლებმაც თავზე ნაგვის დაყრის ფაქტი მოიწონეს. ბათუმში მომხდარი ფაქტი დაგმო ასევე რომან გოცირიძემ.