ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია – „ნუ მესვრი“ ჟურნალისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ძალოვნების მხრიდან იყო გამოყენებული მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მისამართით არაპროპორციული ძალა.
„გასაგებია, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა არ არის გამართლებული, მაგრამ როცა ძალოვნები დამიზნებით ესვრიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებს, ამის გამართლება შეუძლებელია, უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი და მე ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვგულისხმობ”, – განაცხადა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა, ასლან ჭანიძემ.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც მიუთითებენ.
„იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს ჟურნალისტებს, რომლებიც მოსახლეობას აწვდიდნენ ობიექტურ ინფორმაციას, საკუთარი მოვალეობის შესრულებაში, პრაქტიკულად ხელი შეუშალეს. მოგვეცით მუშაობის საშუალება და ნუ გვესვრით“, – თქვა აქციაზე აჭარის ტელევიზიის რეპორტიორმა, თეონა ხარაბაძემ.
აქციის მონაწილეები მოვლენების შეფასებას და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.