ბათუმში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი, აბუსერიძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, ასევე აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი. მინისტრის მოსვლამდე აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ.
ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
შეკრებილთა შორისაა 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.
აქციის მონაწილეებმა მანამდე ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს.