„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი ბათუმში დღეს გაიმართება
ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი დღეს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე მონაწილე ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს საერთაშორისო, კერძოდ ევროპულ სტრუქტურებში ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ის მაღალი დონის საერთაშორისო ტრიბუნაა ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის საპრეზენტაციოდ. ამასთან, ფორუმი საერთაშორისო ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.