თბილისში, ბათუმის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გამათბობლიდან მოხსნილი და ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, მათი სპეციალისტები ბათუმის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში წუხელ გვიან ღამით გამოიძახეს. გამოძახებაზე მისვლისას მათ გაზის გაჟონვა აღმოაჩინეს.
„ერთ-ერთი ბინის დათვალიერებისას, გამათბობელი იყო მოხსნილი და გაზის რეზინის მილი იატაკზე ეგდო, დანადგარზე მიერთების გარეშე ღია მდგომარეობაში, საიდანაც გაზი ჟონავდა“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზში“.
კომპანიის ცნობით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის მიწოდება.
„ეს არის დაახლოებით მეათე შემთხვევა ბოლო სამ დღეში, როდესაც დაკეტილ ბინებში მსგავსი თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა მობინადრეების მხრიდან“, – აღნიშნავენ „ყაზტრანსგაზში“.