ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მდუმარე აქცია გამართეს
„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მდუმარე აქცია გამართეს.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვატო მეგენეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს საძირკვლის ჩაყრა იგეგმება ისე, რომ ტერმინალის მავნე ზემოქმედების შესახებ ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.
„ვითხოვთ გამჭვირვალე პროცესს, პირდაპირ სატელევიზიო დებატებს. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვები გაიცემა კანონდარღვევით, არავინ არაფერს გვიხსნის, ამიტომ ვატარებთ მდუმარე აქციას, იმის გამოსახატად, რომ ხელისუფლება დუმს“, – განაცხადა ვატო მეგენეიშვილმა.
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.
კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.