„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის 
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს კომპანია სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის 

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“​ გენერალური დირექტორი მურატ ჯიმადილაევი უარყოფს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის, ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის.

როგორც მურატ ჯიმადილაევი აცხადებს, ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისთვის შეთავაზებული სხვადასხვა ფორმატი, უპირობოდ განიხილება, როგორც ბიზნესს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ, 8 მარტს, ცალკეული სუბიექტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ტოტალურ ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს.

გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამის. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას.

ჩვენ არაერთგზის აგვიღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე და ბიზნესს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

და ბოლოს, გვსურს ავღნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლიმ გუშინ განცხადება გაავრცელა. ფადი ასლიმ დაასახელა კომპანიები, რომლებიც მისი მტკიცებით, დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. ამ ჩამონათვალში მოხვდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალიც“. გარდა ამისა, ბათუმის ტერმინალის მსგავსად ფადი ასლის მიერ ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვესბრითიშ ამერიკან ტობაკო​ს“ დირექტორმა და „ტერაბანკმაც“.