ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილების ახლობლებმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს
ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. მათ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს და რეფერალურ საავადმყოფოსთან შეჩერდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას დღესვე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ქუჩების გადაკეტვით იმუქრებიან.
ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი რვა ადამიანის ახლობლები გარდაცვალების შემთხვევებს ექიმების დაუდევრობას აბრალებენ. ისინი საქმეების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
შეკრებილთა შორისაა 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი.