ბარნაულის სასამართლომ რუს ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს მარიუპოლის თეატრთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის გამო ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ბარნაულის სასამართლომ რუს ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს მარიუპოლის თეატრთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის გამო ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ ჟურნალისტ მარია პონომარენკოს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მარიუპოლის დრამატულ თეატრზე სარაკეტო დარტყმის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.

სასამართლომ მას ასევე აუკრძალა ხუთი წლით ჟურნალისტური საქმიანობა.

ბარნაულის სასამართლომ გამოცემა RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების მუხლით. ბრალდების მხარე პონომარენკოსთვის ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვდა.

დასკვნით სიტყვაში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სასჯელის შემსუბუქების იმედი არ აქვს, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

პონომარენკოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2022 წლის აპრილში შეუფარდა. ნოემბერში ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში პონომარენკო ტელეგრამარხში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაადანაშაულეს. ჟურნალისტი მარიუპოლის დრამატულ თეატრში მყოფი მოქალაქეების შესახებ წერდა.

რუსეთი მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას უარყოფს. რუსეთის ავიადარტყმის შედეგად განადგურებულ თეატრს ასობით მოქალაქე აფარებდა თავს. ეუთო-სა და „ამნესთი ინთერნეშენალის“ ანგარიშების თანახმად, თეატრზე სარაკეტო იერიში რუსულმა მხარემ მიიტანა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით პატიმრობა აქვთ მისჯილი ოპოზიციონერებს – რვა წლითა და ექვსი თვით ილია იაშინს, შვიდი წლით კი – ალექსეი გორინოვს.